გასულ კვირას, თელავის სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებული, ოლიმპირუი ჩემპიონი და ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მოსამართლე მამუკა წიკლაურმა პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
მსგავსი პრეცედენტი როცა წინასასამართლო სხდომაზე მკვლელობისთვის ბრალდებულს ათავისუფლებენ - ქართულ მართლმსაჯულებას არ ახსოვს. მოსამართლე წიკლაურის ეს გადაწყვეტილება მოკლულის ოჯახისთვის უმძიმესია. მათი თქმით, ამ ნაბიჯით მსაჯულმა პირდაპირ თქვა, რომ ქვეყანაში შერჩევითი სამართალია.
თავად ზურაბ ზვიადაური მკვლელობას არ აღიარებს. ის ირწმუნება, რომ თავს იცავდა და კენჭოშვილი განზრახ არ მოუკლავს.
წინანდლის ტყეში მოკლული 27 წლის ნიკა კენჭოშვილის ახლობლები ამბობენ, რომ ზვიადაურებმა ნიკა და მისი მეგობრები სასიკვდილოდ გაიმეტეს. ასევე, მათი თქმით სროლა ზვიადაურის მხარემ დაიწყო.
"არ დაზოგა. კისერი მოტეხილი ჰქონია, ხელები დამტვრეული. ერთეულებისთვის უნდა კანონობდეს კანონი მარტო? რადგან პარლამენტში იყო და ფულიანია..კანონი ყველასთვის ერთია ხო", - ამბობს მოკლულის ნათესავი.
მოკლულის ოჯახის ვერსიით, ნიკა და მისი თანასოფლელები წინანდალში მშენებლობაზე მუშაობდნენ. მათ გვერდით კოტეჯის მშენებლობას ზვიადაურების სამშენებლო ბრიგადა ასრულებდა. მხარეებს შორის კონფლიქტი ზვიადაურების სამშენებლო ფიცრის დაუკითხავად აღებას მოჰყვა. ნიკა კენჭოშვილის თანასოფლელებმა ფიცარი დაუკითხავად აიღეს და მასზე ალიზი მოზილეს, რაზეც ზვიადაურების მეგობარმა ჯაბა ჯანგირაშვილმა შენიშვნა მისცა. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა. დღის ბოლო კი ორი დაპირისპირებული მხარე საქმის გასარჩევად წინანდლის ტყეში შეიკრიბა.
ამ ვერსიაზე საუბრობენ წინანდალშიც. როგორც ადგილობრივები შაბათის ფორმულას უყვებიან პირველად ვასილ ცოცხალაშვილმა გაისროლა, რომელიც ზვიადაურებთან მეგობრობდა. შემდეგ ზვიადაურის ძმამ, ზვიად ზვიადაურმა გაისროლა, რომელმაც კენჭოშვილი დაჭრა. კენჭოშვილს თან ჰქონდა სანადირო თოფი, საიდანაც გასროლით დაჭრა ზვიადაური და ცოცხალაშვილი. ჩხუბის დროს ადგილზე ზურაბ ზვიადაურიც იმყოფებოდა, რომელმაც დაჭრილ ნიკა კენჭოშვილს უკნიდან მიპარვით რამდენჯერმე ესროლა.
ოჯახის წევრები ზვიადაურების მხრიდან შურისძიებასაც არ გამორიცხავენ.
"დღეს არავინ არ ვართ დაცული. ყველაფრის მეშინია...მეორედ მოგვიკლეს ნიკა. რისთვის რატო, ვერ ვხვდები. შრომობდნენ გადაკარგულები და ასეთ დღეში ჩაგვიგდეს. დაუცველები ვართ ყველა", - ამბობს ნინო კენჭოშვილი.
რაც შეეხება ზვიადაურს, ის მედიას ემალება. სასამართლოც უკომენტაროდ დატოვა. თელავის სასამართლო 7 დეკემბრიდან ნაფიცი მსაჯულების შერჩევას დაიწყებს. სწორედ მათ უნდა განიხილონ ზვიადაურის საქმე, რომელიც ამტკიცებს, რომ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.